მაია ხორგუაშვილი

გამოქვეყნდა: 04.05.2026

Wings Magazine გაგაცნობთ წარმატებულ ექიმსა და კოსმეტოლოგ-ინექციონისტს, მაია ხორგუაშვილს, რომელიც ესთეტიკური კოსმეტოლოგიის სფეროში აქტიურად მუშაობს. იგი ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში 2019 წლიდანაა ჩართული და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება. მან საკუთარი საქმიანობა ნულიდან დაიწყო და დღეს წარმატებულ პროფესიონალთა გუნდის ხელმძღვანელია.

გვიამბეთ თქვენ მიერ განვლილი პროფესიული გზის შესახებ.

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ვარ დიპლომირებული მედიკოსი და ვმუშაობდი ფარმაცევტულ კომპანიაში. ესთეტიკური კოსმეტოლოგიის სფეროში 2019 წლიდან ვარ. სადამ გადავწყვეტდი საკუთარი ესთეტიკური კაბინეტის გახსნას, ვმუშაობდი სტომატოლოგიურ კლინიკაში და ერთ-ერთ ესთეტიკურ კაბინეტში. მაქვს უამრავი სერტიფიკატი, მათ შორის „კადავერის“, რაც ბიოლოგიურ მასალაზე მუშაობას გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისთვის. რეგულარულად ვესწრები სხვადასხვა კონფერენციას მოწვეული საერთაშორისო და ქართველი ტრენერების მონაწილეობით, მათ შორის, საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ვფლობ საერთაშორისო კომპანია „Christina“-ს ოქროს დიპლომს. ამასთან, ვარ gaia.გაია-ს საქართველოს ესთეტიკის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

გვესაუბრეთ თქვენი ესთეტიკის ცენტრის გახსნის შესახებ.

დაახლოებით 2 წლის წინ გადავწყვიტე საკუთარი კაბინეტის გახსნა. ჩემი შვილების სახელებიდან ამოკრეფილი ინიციალებით კი MANIKA დავარქვი. შევიძინე აპარატები, ინვენტარი, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ვამატებდი კაბინეტისთვის საჭირო ნივთებს და მინდა გითხრათ, რომ მართლაც ნულიდან დავიწყე ეს საქმე. შემოვიკრიბე სხვადასხვა გელ-ლაქის, წამწამების, მასაჟის სპეციალისტი. ასე საშუალება მქონდა, თვითონ გადამეწყვიტა და დამეგეგმა ჩემი სამუშაო დღის განრიგი და 3 შვილისთვისაც არ მომეკლო ყურადღება.

თქვენს საქმიანობაში რა გამოწვევებს ხვდებით და რა არის თქვენი მოტივაციის წყარო?

გარდა იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო თავისუფალი ჩემს პროფესიასა და არჩევანში, გამოწვევაა გავიზარდო როგორც პროფესიონალი და სხვასაც მივცე საშუალება დასაქმდეს, შეისწავლოს თანამედროვე პროფესიები და რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი თავი, როგორც პროფესიონალი.

მოტივაციას კი ჩემი მეუღლისა და შვილებისგან ვიღებ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეუღლეს დიდი სურვილი ჰქონდა, გამეხსნა საკუთარი კაბინეტი, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის (ექიმი, კარდიო-რეანიმატოლოგია, მრავალწლიანი გამოცდილებით). გამოწვევაც არის და მოტივაციაც, ვიყო შვილებისთვის მაგალითი, საკუთარი შრომით ნულიდან დაიწყო და გახდე წარმატებული. ამასთან, უდიდესი მოტივაციაა კმაყოფილი ქალბატონები და არამარტო ქალბატონები, რომლებიც ბედნიერები არიან ჩატარებული პროცედურებით და კაბინეტიდან მიდიან უფრო გალამაზებულები, გაახალგაზრდავებულები და ბედნიერები. ბედნიერებაა, როცა შენი საქმიანობა საშუალებას გაძლევს, გამოასწორო ასიმეტრია, დეფექტი, შეცვალო სახისა და სხეულის პარამეტრები, თანაც ოპერაციის, უხეში ჩარევისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესის გავლის გარეშე.

გვესაუბრეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.

ვთვლი, რომ ესთეტიკური კოსმეტოლოგია მომავლის პროფესიაა და ჩემი სამომავლო გეგმებიც მას უკავშირდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ესთეტიკური პროცედურები ხელმისაწვდომი.

წინ უამრავი გამოწვევაა, კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ბევრმა ადამიანმა უნდა გამიცნოს მეც და ჩემი საქმიანობაც. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ეს გზა და პროფესია, რომელიც უამრავ სირთულეს მოიცავს, როგორც ფინანსურს, ასევე პროფესიულს, მაგრამ რისკი და სირთულეები, ჯანსაღი ამბიცია და კონკურენცია საუკეთესო მოტივაციაა წინსვლისთვის.

 

ავტორი: მარიამ მთივლიშვილი