მარიამ ოთოსი
გამოქვეყნდა: 06.05.2026
გაზაფხული განახლების, შემართებისა და ახალი იდეების დროა. ახალ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმისას ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შთაგონების წყაროდ იქცეს ქალის სახე, რომელიც წარმატებას, გამოცდილებასა და სილამაზეს აერთიანებს.
„Wings“-ის 2026 წლის პირველი ნომრის მთავარ ყდას ამშვენებს არაჩვეულებრივი ქალბატონი მარიამ მიხელიძე (ოთოსი), 18-წლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-კოსმეტოლოგი, რომელიც საკუთარ საქმეში უმაღლეს პროფესიონალიზმსა და ქალურ სიძლიერეს ასხივებს.
ბერი გაბრიელ სალოსის 120 ნომერში, მის კლინიკაში „Mariam Otosi Aesthetic Room“-ში შესვლისთანავე სამყაროს ხმაური ქრება და თქვენ ფოკუსირდებით მთავარზე: საკუთარ თავზე. მარიამის თითოეული სიტყვა მნიშვნელობას იძენს. ის არა მხოლოდ მრავალი ჯილდოსა და სერტიფიკატის მფლობელია, არამედ პრემიუმ კლასის ევროპული ბრენდების პროდუქციით მუშაობს და უკვე ათ წელზე მეტია, ქმნის კანის მოვლის საშუალებების საკუთარ საავტორო ხაზს „Mariam Otosi Natural Facial Treatment”, რომელსაც მისივე ლაბორატორია აწარმოებს.
მისი ბრენდის ლოგოც კი თავად აქვს შექმნილი, რაც მარიამს აქცევს წარმატებულ ქალად, რომელიც მრავალმხრივ ფასეულია როგორც პროფესიონალი, დედა და ბებია. გვეამაყება, რომ სწორედ ის არის ჩვენი სექტემბრის ნომრის მთავარი გმირი.
- ვინ არის მარიამ ოთოსი? საიდან მოდის თქვენი ფსევდონიმის ისტორია?
მარიამ ოთოსი ვარ მე — მარიამ ოთარის ასული მიხელიძე. ადამიანი, რომელიც საკუთარ ფესვებზე ამაყად დგას და რომლის ფსევდონიმიც არის სიყვარულით აღბეჭდილი ხიდი მამასა და მემკვიდრეობას შორის. „ოთოსი“ მამაჩემის სახელს უკავშირდება, რაც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალა, სიმშვიდე და ღირსება. სწორედ ამიტომ მინდოდა მისი ნაწილის ტარება — ამას ჩემთვის სიღრმისეული მნიშვნელობა აქვს.
დავიბადე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში, მრავალშვილიან ოჯახში — სითბოსა და თანადგომის გარემოში, იქ, სადაც თითოეულ ხმას თავისი წილი მნიშვნელობა ჰქონდა და თითოეულ ხმაურში სიცოცხლის ხალისი იბადებოდა. სოფელი ხრეითი ჩემთვის არის „სამოთხე დედამიწაზე“, ადგილი, საიდანაც ჩემი საქართველო იწყება. მარიამ ოთოსი იმ სამყაროდან მოდის, სადაც ბავშვური ცნობისმოყვარეობა სიყვარულით განებივრებულ და-ძმებს შორის იზრდებოდა და სადაც ადამიანობა პირველ გაკვეთილად რჩებოდა. ასე რომ, „ოთოსი“ მხოლოდ ფსევდონიმი არ არის ეს ჩემი სულის ნაწილი, ღირსება და მადლიერების ფორმაა.
- როგორ გრძნობთ თავს სფეროში, რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ „სილამაზეზე“ მიგვანიშნებს, სინამდვილეში კი სიღრმის, განათლებისა და დიდი ემოციური გამძლეობის სფეროა?
კოსმეტოლოგიის სფერო ხშირად აღიქმება როგორც ზედაპირული, მხოლოდ ვიზუალზე ორიენტირებული სამყარო, თუმცა იგი რეალურად მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და კომპლექსური განშტოებაა. ეს პროფესია მოითხოვს როგორც მყარ სამედიცინო საფუძველს, ისე მაღალ ემოციურ ინტელექტს. ჩვენ არ ვეხებით მხოლოდ კანს, ვეხებით იმ წერტილს, სადაც ადამიანის თვითშეფასება, გამოცდილება და შინაგანი სამყარო იკვეთება. ამიტომ ჩემს საქმიანობაში ვგრძნობ არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ ადამიანურ პასუხისმგებლობასაც ვიყო მხარდაჭერა მათთვის, ვინც ცვლილებებს ეძებს.

- როგორ ფიქრობთ, შეიცვალა თუ არა კოსმეტოლოგიის როლი დღეს? მეტი ფსიქოლოგიაა ამ პროფესიაში, ვიდრე წარსულში?
კოსმეტოლოგიის როლი დროთა განმავლობაში გარდაიქმნა. თუ წარსულში ეს იყო უმეტესად ვიზუალურ შედეგებზე ორიენტირებული დისციპლინა, დღეს იგი უკვე მჭიდროდ უკავშირდება ფსიქოლოგიას, თვითშეფასებასა და ადამიანის სენსიტიურ მდგომარეობას. პაციენტი არ მოდის მხოლოდ კანის ტონალობის ან ნაკვთების ცვლილებისთვის — ის მოდის საკუთარი თავის ახალი ვერსიის საძიებლად. ეს პროცესი მოითხოვს სიფრთხილეს, ემპათიასა და პროფესიულ ინტელექტს, რათა თითოეულ შემთხვევაში შევძლოთ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური რეალობის წაკითხვა. დღეს კოსმეტოლოგია ფაქტობრივად იქ დგას, სადაც მეცნიერება, ეთიკა და ფსიქოლოგიური ინტუიცია იკვეთება. სწორედ ამ განვითარებამ გახადა პროფესია ბევრად კომპლექსური და საჭირო.
- როცა თქვენი კლინიკის მიღმა ხართ, როგორ განასხვავებთ მარიამ პროფესიონალსა და მარიამ ადამიანს?
სიმართლე ითქვას, მარიამ პროფესიონალსა და მარიამ ადამიანს შორის მკვეთრი ზღვარი ხშირად თავადაც აღარ მინახავს. ჩემი საქმე იმდენად ინტეგრირებულია ჩემს პიროვნულ იდენტობაში, რომ მას კაბინეტის კართან ვერ ვტოვებ. მარიამ პროფესიონალი ცხოვრობს წესებით, პასუხისმგებლობითა და დაუღალავი თვითგანვითარების მოთხოვნილებით. მარიამ ადამიანი კი ეძებს სიჩუმეს, სიმშვიდეს, ბუნებას, მუსიკას და ადამიანურ სიხარულს, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელოა, მაგრამ საბოლოოდ ზუსტად ის აბალანსებს კლინიკიდან წამოღებულ ემოციებს. ჩემი პროფესია არ მთავრდება სამუშაო საათებით, თუმცა ჩემმა შინაგანმა ადამიანმა ზუსტად იცის, როდის სჭირდება დისტანცია, რომ პროფესიამ არ გადაფაროს ადამიანი.
- თქვენ გაქვთ ავტორობის უფლება და პასუხისმგებლობა ერთდროულად. როგორ ჩნდება იდეა ფორმულირებისთვის?
როცა ქმნი რაღაც საავტოროს იქნება ეს რეცეპტი, ფორმულა თუ პროცედურა ეს ნიშნავს, რომ იღებ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ შედეგზე, არამედ იმ გზაზეც, რომელიც შედეგამდე მიდის. ჩემი თავის მოვლის რეცეპტები არ იბადება ლაბორატორიულ სიჩქარეში ისინი მოდიან დაკვირვებიდან, საჭიროების დანახვიდან და ყველაზე მთავარ წყაროზე ნდობაზე დაფუძნებული კავშირიდან იმ ქალბატონებთან, ვინც საკუთარ სახესა და სილამაზეს გვანდობს. როცა ქმნი, შენ წერ საკუთარ პროფესიულ ბიოგრაფიას პროდუქტების ენით, რაც ერთდროულად ჩემი ავტორობაც არის და პასუხისმგებლობაც.
- თქვენი ლაბორატორია მხოლოდ პროდუქციის შექმნის სივრცეა თუ ადგილი ექსპერიმენტებისთვის?
ჩემთვის ლაბორატორია მხოლოდ პროდუქტების შექმნის ადგილი არ არის — ეს არის სივრცე, სადაც იდეები ტესტირდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კონცეპტუალურადაც. იქ იკვეთება მეცნიერება, ემპათია და ყოველდღიური დაკვირვება. მე არ ვქმნი მხოლოდ ტექსტურას ან სურნელს, მე ვცდილობ შევქმნა ემოცია, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავზე ამოიცნობს. ლაბორატორია ჩემთვის თერაპიული გარემოა: ადგილი, სადაც მეძლევა ფიქრის, კვლევისა და პასუხების ძიების შანსი. ხშირად პროდუქტებზე მუშაობისას არა მხოლოდ ფორმულაზე ფიქრობ, არამედ იმ განცდაზეც, რომელსაც ადამიანებს მიანიჭებ — იქნება ეს სიმშვიდე, ძალის დაბრუნება თუ მომავლის რწმენა. ამიტომ ჩემი ლაბორატორია ერთდროულად სამეცნიერო სივრცეც არის და ადამიანური დიალოგის საველეც.
- რას ნიშნავს „ნატურალურობა“ თქვენთვის — პოპულარულ ტრენდს თუ მეცნიერულად არგუმენტირებულ პრინციპს?
ნატურალურობა ჩემთვის არ არის ტრენდისადმი მორჩილება და არც ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტების ავტომატური იდეალიზება. ეს არის მიდგომა, რომელსაც აქვს ღრმა ფილოსოფიური და სამეცნიერო ფესვები. ბუნებრივი კომპონენტები შეიძლება იყოს გამორჩეულად ეფექტური, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი სწორად არის შესწავლილი, დაბალანსებული და კლინიკურად გამართული. ნატურალურობა მაშინ არის ღირებული, როცა იგი ცოდნაზეა დაფუძნებული. მნიშვნელოვანია, როგორ იმოქმედებს ის კანის ფიზიოლოგიაზე, რა რეაქციები შეიძლება გამოიწვიოს და რამდენად მდგრადია გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩემთვის ნატურალურობა პატივისცემის ფორმაა — როგორც ადამიანის ბუნების, ისე ბუნებრივი ინგრედიენტებისადმი. ეს ჩემი პრინციპია და არა მოდა.

- როგორ გაჩნდა იდეა, რომ საჭირო იყო წიგნი და არა მხოლოდ პრაქტიკა?
წიგნის იდეა მაშინ დაიბადა, როცა პრაქტიკაში ყოველდღიურად ვაწყდებოდი ერთსა და იმავე კითხვებს. მივხვდი, რომ საჭირო იყო მყარად ჩამოყალიბებული, პრინციპულ ცოდნაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც კლასიკური კოსმეტოლოგიისთვის ერთგვარი საყრდენი იქნებოდა. ეს წიგნი არ არის მორიგი „მოდური გზამკვლევი“, ის წარმოადგენს „კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლებს“. ჩემთვის განსაკუთრებით ღირებულია ის, რომ ეს საქმე მარტო არ გამიკეთებია — წიგნი შევქმენი ჩემს თანაავტორთან, დაიანა დარციმელიასთან ერთად, რომელიც ჩემი რძალი და მაღალი კლასის პროფესიონალია. ჩვენ შორის არის სინერგია, რომელიც ნდობას, გაზიარებულ ხედვასა და შრომის ეთიკას ეფუძნება.
- თქვენი რძალი ამავე სფეროშია. როგორია პროფესიული დიალოგი ოჯახში და რა ისწავლეთ ერთმანეთისგან?
დიახ, დაიანა ამავე სფეროში მოღვაწეობს და, როგორც აღვნიშნე, წიგნის თანაავტორია. პროფესიული დიალოგი ჩვენ შორის არ არის მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა — ეს არის გამოცდილებების, ხედვებისა და სიახლეების გაზიარება. ჩვენ ერთმანეთს ვზრდით: მე მას ვუზიარებ კლასიკურ, აკადემიურ საფუძვლებს, მან კი თავისი მიდგომითა და თანამედროვე ხედვით მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია სფეროს მუდმივი განახლება. ეს წიგნიც სწორედ ჩვენი თანამშრომლობის შედეგია — თაობებს შორის დიალოგი, სადაც ტრადიციული და ინოვაციური ერთიანდება.
- არის თუ არა ეს წიგნი მცდელობა, რომ მარიამი დარჩეს ისტორიაში?
თუ ეს წიგნი მცდელობაა, მაშინ არა საკუთარი სახელის უკვდავყოფის, არამედ ღირებული აზრის დატოვების. არც ჩემი და არც დაიანას მიზანი არ ყოფილა ისტორიაში სახელებით დარჩენა, არამედ იმის დატოვება, რაც სხვებისთვის გამოსადეგი იქნება. როცა ამ წიგნის წერა დავიწყეთ, ჩვენში არა ამბიცია, არამედ პასუხისმგებლობა საუბრობდა. წიგნი ჩემთვის შენახული გამოცდილებაა, რათა მომავალში ამ პროფესიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს არ მოუხდეთ ინფორმაციის ნულიდან მოძიება. თუ ამას ისტორია ოდესმე შეინახავს, ეს იქნება შედეგი და არა განზრახვა.
- როგორია ბებიობა ქალისთვის, რომელიც ყოველთვის ძლიერი იყო სხვებისთვის?
ბებიობა ჩემთვის სიყვარულია, რომელიც დროსა და მანძილზე არ ქრება — მხოლოდ ძლიერდება. მყავს ერთი შვილიშვილი, მარიამ ლოლაძე, რომელიც ახლა ჩემგან შორსაა, მაგრამ გულით ყოველთვის ჩემთანაა. ეს მონატრება გახდა ბებიობის ყველაზე ნაზი ფორმა — სითბო, რომელსაც გულით ინახავ, თვალებით ელოდები და სიყვარულით ასრულებ ყოველ დღეს. ბებიობამ მასწავლა, რომ შეიძლება შორს იყო, მაგრამ მაინც იყო მთელი არსებით იქ, სადაც შენი პატარა „უსასრულო სიყვარულია“.

- თქვენზე ამბობენ, რომ პუნქტუალურობა თქვენი „სიგნატურაა“. ეს ბუნებრივი თვისებაა თუ დროთა განმავლობაში გამომუშავებული დისციპლინა?
პუნქტუალურობა ჩემი თავმოყვარეობის ნაწილია, ამიტომ იგი ყოველთვის იყო და იქნება მნიშვნელოვანი შინაგანი წესი, შემდეგ კი პროფესიული აუცილებლობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს თვისება ბუნებრივად დამყვებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მას მეტი დატვირთვა და პასუხისმგებლობა დაემატა. პუნქტუალურობა არ არის მხოლოდ საათზე მორგება ეს არის ადამიანისადმი ყურადღება და საკუთარი საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება.
- რა არის თქვენთვის დროის მიმართ პატივისცემა საკუთარი თავის სიყვარულია თუ სხვისი დროის დაფასება?
დროის დაფასება ჩემთვის შინაგანი კულტურის გამოხატულებაა — ეს თანაბრად არის საკუთარი თავის სიყვარულიც და სხვისი დროის პატივისცემიც. დრო არ მეორდება, ის ძვირფასია, ამიტომ მისი დაფასება ჩემთვის ინტელექტუალური დისციპლინაა.
- ხშირად მონაწილეობთ პროფესიულ ფორუმებში. რას ნიშნავს თქვენთვის იქ გამოსვლა: შესაძლებლობას, პოზიციას თუ ვალდებულებას?
პროფესიულ ფორუმებში აქტიური მონაწილეობა ჩემთვის, პირველ რიგში, ვალდებულებაა. მიმაჩნია, რომ როგორც ამ სფეროს პროფესიონალს, მაქვს პასუხისმგებლობა, მუდმივად გავიღრმავო ცოდნა და გავუზიარო გამოცდილება კოლეგებს. ამგვარად, ფორუმებში გამოსვლა არ არის მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ მოვალეობაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი სფეროს საერთო წინსვლას.
- და ბოლოს, არის თუ არა თქვენთვის სილამაზე შინაგანი მდგომარეობის, რწმენისა და სიმშვიდის პროექცია?
სილამაზე ჩემთვის არის შინაგანი სიმშვიდის, რწმენისა და სრულფასოვნების ხილული ანარეკლი.

