გურანდა დუმბაძე
გამოქვეყნდა: 04.05.2026
Wings გაგაცნობთ გურანდა დუმბაძეს, რომელიც ექიმი-სტომატოლოგია. მას მედიცინის მიმართ ინტერესი ბავშვობაში გაუჩნდა, შემდეგ ოცნება დაიწყო, რომლის ასრულებაც უთავრეს მიზნად დაისახა და ბოლოს რეალობად აქცია.
გვიამბეთ იმ გზის შესახებ, რომელმაც თქვენ მიერ დასახული მიზნისკენ მიგიყვანათ.
გზა, რომელიც გავიარე, არ იყო მარტივი, ვგულისხმობ კვალიფიკაციის ამაღლებას, სხვადასხვა კონსულტაციებსა და მასტერკლასებს, რომელიც ბევრ დროს, ენერგიას და ფინანსებს მოითხოვდა.
ამ გზაზე უამრავი სირთულე შემხვდა, მაგრამ არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი. სირთულეების მიუხედავად, დაუღალავი შრომისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოვედი აქამდე. ამასთანავე, საკუთარი თავის რწმენამ, იდეალებისადმი ერთგულებამ და ოჯახის წევრების თანადგომამ, ბრძოლისუნარიანობა შემინარჩუნა და წარმატებაც ნელ-ნელა მოვიდა.
რა იყო და არის თქვენი ყველაზე დიდი მოვაციის წყარო და რატომ?
ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციის წყარო იყო და არის ოჯახი, განსაკუთრებით მამა, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ მყავს და რომლის ცხოვრების წესმა, ადამიანების მიმართ უზომო სიყვარულმა და დახმარების სურვილმა, მისმა კეთილშობილებამ, კაცთმოყვარეობამ გამიჩინა უდიდესი სურვილი მიმებაძა მისთვის და ვყოფილიყავი ადამიანებისთვის სიკეთის მომტანი. მისგან ვისწავლე, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერებაა, შენი ცხოვრებით, საქმიანობით, გულით ემსახურო ადამიანებს და მიანიჭო განუზომელი სიხარული, დაინახო მათი კმაყოფილი სახეები, გულწრფელი ღიმილი და მადლიერება.
რა გახსენდებათ თქვენი საქმიანობის განმავლობაში ყველაზე დიდ გამოწვევად?
ვფიქრობ, დღევანდელ კონკურენტუნარიან გარემოში, ყოველი დღე გამოწვევაა და არ არსებობს წარმატების უნივერსალური ფორმულა, რომელიც ყველა შემთხვევაში იმუშავებს, თუმცა შემიძლია გამოვყო რამდენიმე მომენტი, რომელიც ყველაზე დიდ გამოწვევასა და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.
პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და არასდროს უნდა ჩათვალო მძიმე ტვირთად.
აუცილებელია, ვიყოთ თავდაჯერებული და არ შეგვეშინდეს სირთულეების.
ამასთანავე, აუცილებელია ძლიერი რწმენა, სიმშვიდის შენარჩუნება, მოთმინების უნარი, დახმარების სურვილი, ადამიანური ურთიერთობები და ჯანსაღი გარემო, სადაც მუშაობ და რაც ასევე მთავარია, პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარება.

როგორ აბალანსებთ პროფესიულ საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას?
ბუნებით მეოცნებე ვარ, რაც მეხმარება ყოველდღიური საქმიანობისა და პროფესიული საქმიანობის დაბალანსებაში. მიყვარს ხელოვნება და, ვფიქრობ, ცხოვრების შეცნობა ყველაზე დიდი ხელოვნებაა, მუდმივი ძიება და აღმოჩენა, ამიტომ ხშირად გავდივარ ბუნებაში, მსიამოვნებს სამყაროს ფერების შეგრძნება… ვუსმენ სასიამოვნო მელოდიებს, მიყვარს პოეზია, ფერწერა, თეატრი, ყველაფერი, რაც სულიერ საზრდოს მაძლევს და მაბედნიერებს. ამ ბოლო დროს დავინტერესდი ფოტოგრაფიით და დავიწყე მისი საფუძვლიანად შესწავლა. ბედნიერებაა, როცა შეგიძლია ჩვეულებრივად ქცეული უჩვეულო, ლამაზი წამის დაფიქსირება, დროის გაჩერება, რომ სიხარულით და აღტაცებით წარმოთქვა ,,შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ”.
ავტორი: მარიამ მთივლიშვილი

