მარინე ვასილენკო

გამოქვეყნდა: 27.04.2026

მე ვარ მარინე ვასილენკო. დავიბადე ქალაქ თბილისში, 1965 წლის 3 ოქტომბერს. დავამთავრე ქ. თბილისის მე-15 საშუალო სკოლა 1983 წელს. დამთავრების შემდეგ, იმავე წელს, ჩავაბარე საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, მრეწველობისა და მშენებლობის ბუღალტრის სპეციალობაზე. დავამთავრე 1986 წელს. ასევე, პარალელურად ვმუშაობდი კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში აღმრიცხველად.

1985 წელს დავოჯახდი ვლადიმერ ბერიძეზე, მაგრამ გვარი არ შემიცვლია და დავრჩი ჩემს გვარზე. მყავდა ორი შვილი, სამწუხაროდ, ერთი გარდამეცვალა. 1989 წელს ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტში, გამოგონების ეკონომიკისა და პატენტმცოდნეობის რაციონალიზაციის ფაკულტეტზე. დავამთავრე 1991 წელს. ვმუშაობდი ლოკომოტივის სტადიონზე საბილეთო საქმის გამგედ, შემდეგ ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ბუღალტრად. ასევე, დავამთავრე ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1993 წელს.

1995 წელს საცხოვრებლად გადავედით რუსეთში, ქ. ეკატერინბურგში, სადაც მეუღლე მუშაობდა. გამოვიარეთ ის რთული პერიოდი, სადაც ქართველებს ზიზღით უყურებდნენ და დევნიდნენ: „წადით თქვენს ქვეყანაშიო“. ვიყავით ემიგრანტებად, ხოლო შემდეგ მივიღეთ მოქალაქეობა და ამჟამად ვარ ორი ქვეყნის მოქალაქე. როცა საქართველოში დავბრუნდი და მომიწია მოქალაქეობის აღდგენა, მომივიდა უარი. ხოლო შემდეგ მეორედ შევიტანე და მომიწია გამოცდების ჩაბარება.

დღესდღეობით ვცხოვრობ თბილისში და დავიწყე ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება — ხელოვნებაში. ფერადი ლენტებით ვქმნი საოცარ სილამაზეებს, რაც მამშვიდებს, მახარებს და მაძლიერებს. ასე რომ, გვიანი არასდროს არ არის — მიზანს ყოველთვის შეიძლება მიაღწიო, თუ ამის სურვილი გაქვს.