ნათია გიორგობიანი
გამოქვეყნდა: 07.05.2026
„ ვცდილობ, თითოეული ნივთი, რომელსაც ხელით ვქმნი, დადებითი ენერგეტიკის მატარებელი იყოს„ – ტიხრული მინანქრის ოსტატი, ნათია გიორგობიანი
ნათია გიორგობიანი ხელოვნებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. ნიჭი ადრეულ ასაკში აღმოაჩინა და ხელით სხვადასხვა სახეობის ნამუშევრებსაც ქმნიდა. ტიხრული მინანქრით კი რამდენიმე წლის წინ მოიხიბლა. შესწავლის პროცესში სხვადასხვა ფაქტორებმა შეუშალა ხელი, თუმცა მიზანს მაინც მიაღწია, აითვისა საქმიანობა და მალევე სამკაულების შექმნაც დაიწყო. მისი საავტორო ნამუშევრებით წლებია ინტერესდებიან, ხელოვანს უკვე ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ის თითოეულ ნივთში დიდ შრომას, ცოდნასა და სიყვარულს დებს, რაც ნაკეთობებს კიდევ უფრო გამოარჩევს. როგორია 42 წლის ქალის, ტიხრულ მინანქართან მუშაობის გამოცდილება, იხილეთ ჩვენს ინტერვიუში.
– მოგესალმებით ნათია, დიდ მადლობას გიხდით რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე
1. ტიხრული მინანქრით როდის და რატომ დაინტერესდით? სად დაიწყო თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია?
წლების წინ ახლობელთან ვნახე მინანქრის მედალიონი ღვთისმშობლის გამოსახულებით. ძალიან მომეწონა და მომინდა მისი შესწავლა. ვინაიდან, მაშინ იშვიათი და ძვირი სიამოვნება იყო მინანქრის შესწავლა, ვერ შევძელი სურვილი ამესრულებინა. წლების შემდეგ შევისწავლე თექის დამუშავება და ვამზადებდი თექისგან ჩანთებს და სათამაშოებს. ამ პერიოდში ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი ვიყავი და მათ მაღაზიებშიც ვახდენდი ნამუშევრების რეალიზაციას. ერთ დღესაც წავაწყდი მათთან მინანქრის ნაკეთობებს. ვთხოვე, რომ გაეგოთ, თუ სად შემეძლო შემესწავლა მინანქარზე მუშაობა. რამოდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და დამაკვალიანეს. ეს გახლდათ წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში არსებული პროფესიული კურსები. მამა მირიანთან გასაუბრების საფუძველზე მივიღე 80%-იანი საპატრიარქოს დაფინანსება და სოსო ზანგალაძის ხელმძღვანელობით გავიარე ტიხრული მინანქრის შესწავლის 6 თვიანი კურსი.
2. რამდენი წელია ამ სფეროთი ხართ დაკავებული?
დაახლოებით 6-7 წელია…
3. რა აქვს ტიხრულ მინანქარს მომხიბვლელი, საინტერესო, ასე რომ გაგიტაცათ?
ის რომ მასში შემიძლია ჩემი ფანტაზია, გრძნობები გამოვხატო.
4. რას მოიცავს თქვენი ნამუშევრები?
ქალისა და მამაკაცის ისეთ სამკაულებს, როგორიცაა: ბეჭდები, სამაჯურები, საყურე, ყელსაბამი და ა.შ.
5. სამკაულის გარდა სხვა ნივთებზეც თუ მუშაობთ, მაგალითად დეკორატიულ ნივთებს თუ ქმნით?
დაინტერესებული ვარ, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ.
6. თუ გახსოვთ, რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?
ჩემი პირველი ნამუშევარი იყო სადიპლომო ნამუშევარი სურათის სახით – „პეტრიწონის მონასტერი“.
7. საინტერესოა, როგორია შემოქმედებითი პროცესი, რა გიქმნით სამუშაო განწყობას, როგორ იქმნება თქვენი თითოეულ ნივთი?
შემოქმედებითი პროცესი საკმაოდ შრომატევადია, სირთულეებით აღსავსე. მოიცავს უმცირესი დეტალების სიზუსტეს და დაკვირვებას, რადგან ერთმა უზუსტობამ შესაძლოა რამოდენიმე საათიანი შრომა წყალში ჩაგიყაროს.
8. ინსპირაციის წყარო რა არის თქვენთვის?
ჩემი ინსპირაციის წყარო მაინც არის გარემო, განწყობა და ის წუთი როდესაც იქმნება ნამუშევარი. ეს შეიძლება იყოს ბუნება, ფერი, წარსულისა და აწმყოს შტრიხების დაჭერა და გამოყენება ნამუშევარში. თუმცა როცა საქმე ეხება დამკვეთს, რა თქმა უნდა მიწევს მათი სურვილების გათვალისწინებაც.
9. რამდენ დროს უთმობთ ერთ ნამუშევარს?
გააჩნია ნაკეთობის სირთულეს. ძირითადად 4-10 საათში დამიმზადებია, მაგრამ ხანდახან მუშაობის პროცესში დამთენებია.
10. რა არის თქვენი ნამუშევრების მთავარი ნიშა?
ხარისხი, დახვეწილობა, ინდივიდუალიზმი და რაც მთავარია ვცდილობ, თითოეული ნივთი დადებითი ენერგეტიკის მატარებელი იყოს, ასევე განსხვავებული და განუმეორებელი, მცირედ დეტალებშიც კი.
11. როგორ ხდება მინანქრის ნამუშევრის შექმნა?
წინასწარ შერჩეულ ვერცხლის მოდელში ვაწყობ სასურველი ფორმის ტიხრებს, შემდეგ შერჩეულ მინანქრის ფერებს და ბოლოს ვათავსებ სპეციალურ ღუმელში, რომელშიც 690-750 გრადუსია და იქ ხდება მისი ე.წ. გამოცხობა. სულ ბოლოს ხდება ნაკეთობის გაპრიალება.
12. რა პირობების დაცვაა აუცილებელი მუშაობის დროს?
სიფრთხილე, რადგან განთავსებული ტიხრების გადაადგილება არ მოხდეს ღუმელში მოთავსების დროს, რაც ჩანახატის ასიმეტრიას გამოიწვევს, ასევე შემდეგ ტემპერატურის კონტროლი, რათა მინანქარი არ დაიწვას.
13. ხელოვანისთვის ეს პროცესი სასიამოვნოა, თუმცა დამღლელი და საკმაოდ შრომატევადიც. რას გრძნობთ თითოეული ნივთის შექმნის დროს?
დიახ, საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ მათი შექმნის დროს ვგრძნობ ინტერესს, თუ როგორი გამოვა. დამუშავების შემდეგ როდესაც გაპრიალდება და თავის სინაზესა და სილამაზეს გამოანათებს, ჩემზე ბედნიერი იმ მომენტში არავინ მეგულება. უმეტესად თუ შეკვეთაა და ის კარგი და უზადო გამოდის.
14. დაინტერესება როგორია თქვენი ნამუშევრების მიმართ? სად ხდება მათი რეალიზება?
მაქვს NG.Pancho-ს ნამუშევრების ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდი, სადაც განთავსებულია ჩემი თითოეული ნაკეთობა, რომლის ნახვა, შეკვეთა და შეძენაც შეუძლია ნებისმიერს. დაინტერესება არის ადგილობრივებიდან და საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტებიდანაც.
15. ამ საქმიანობის გარდა, კიდევ რით ხართ დაკავებული?
ვარ მეუღლე, 3 შვილის დედა და ამავდროულად ვმუშაობ მეტროსერვის + -ის მოლარე ოპერატორად.
16. რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?
ჩემ მიერ შექმნილი ნაკეთობებით კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებელი.
17. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სახელოსნო სტუდიის გახსნა, სადაც ასევე შემეძლება ჩემი გამოცდილების გაზიარება სხვებისათვის და პერსონალური გამოფენა, ასევე გამოფენებში მონაწილეობის მიღება, რათა გავაცნო NG.Pancho-ს დახვეწილი ნამუშევრები უფრო მეტ ადამიანს.
– დიდ მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის, წარმატებებს გისურვებთ!

