თეა გუგავა

გამოქვეყნდა: 27.04.2026

მე ვარ თეა გუგავა, 48 წლის. მყავს მეუღლე და სამი შვილი. 22 წელი ვიმუშავე კრიტიკული მედიცინის ცენტრში, მედდის თანამდებობაზე.

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხელოვნება, ფერების შეხამება, სიახლეების მოფიქრება და კრეატიულობა თითქმის ყველაფერში, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. 2015 წელს გავიარე სამკაულების შექმნის კურსი სუტაჟის ტექნიკით. თავად ვქმნიდი დიზაინს, რაც სამ შვილთან ერთად საკმაოდ შრომატევადი იყო, თუმცა რაღაცის შექმნის პროცესი იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ენერგიას არ ვიშურებდი მეტი მესწავლა და მეშრომა.

2020 წელს, კოვიდის პერიოდში, კიდევ უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა სიახლეების მიმართ და შევისწავლე ლენტებით ქარგვის ტექნიკა. ამან აღმაფრთოვანა და ბუნებასა თუ სამყაროს სხვა თვალით შემახედა. შევქმენი ნამუშევრები ჩემი პერსონალური დიზაინით; მივიღე მონაწილეობა ბევრ გამოფენაში და ვღებულობდი შეკვეთებსაც. მიუხედავად ამისა, გაყიდვებზე ორიენტირებული არ ვარ — მირჩევნია, ჩემი ნაფიქრი და ნაშრომი თავად მქონდეს, თუმცა დიდი ბედნიერებაა, როდესაც სხვასაც უჩნდება სურვილი, შეიძინოს შენი შემოქმედება. მადლობა ყველა ასეთ ადამიანს, რომლებიც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევენ სიახლეების შესაქმნელად.

2024 წელს გამიჩნდა სურვილი, შემესწავლა ბისერებით სამკაულების შექმნა, რომელიც მოიცავს ისეთ მრავალფეროვან ტექნიკებს, როგორიცაა: აარის ტექნიკა, კანვაფეტრის ტექნიკა და მოცულობითი ქარგვა. ეს ყველაფერი დიდ გასაქანს გაძლევს, შექმნა სხვადასხვა დიზაინის სამკაულები, რამაც უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. მადლობა უფალს ამ შესაძლებლობისთვის.