ინგა ბლიაძე
გამოქვეყნდა: 27.04.2026
დავიბადე ქ. ჭიათურაში, სადაც ჩემი ბავშვობა სითბოთი, ფერებითა და ოცნებებით იყო სავსე.
1983 წელს დავამთავრე თბილისის 107-ე საჯარო სკოლა, ხოლო 1984 წელს — მე-19 სამუსიკო სკოლის ათწლედი, ფორტეპიანოს სპეციალობით.
1983–1987 წლებში ვსწავლობდი ა. ს. პუშკინის სახელობის, ხალხთა მეგობრობის ორდენოსან თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ზოგადტექნიკურ ფაკულტეტზე.
2008–2009 წლებში გავიარე პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის სრული კურსი.
ამჟამად ვარ დაწყებითი კლასების წამყვანი პედაგოგი — პროფესია, რომელმაც ჩემი ცხოვრება განსაკუთრებული მნიშვნელობით აავსო. ბავშვებთან მუშაობა ჩემთვის მხოლოდ სწავლება არ არის; ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა გულწრფელობასთან, სიხარულთან და სუფთა ემოციებთან.
სკოლაში აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში. 2017 წელს ჩემ მიერ წარდგენილი სპექტაკლით ზღაპრების კონკურსში საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულები გავხდით. ჩემს მოსწავლეებთან ერთად არაერთი გამარჯვება გაგვიზიარებია, თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო მათ თვალებში დანახული სიხარული და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა.
პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ყოველთვის თან მდევდა შემოქმედება და კრეატიულობა. მხოლოდ ერთი წელია, რაც დავიწყე სხვადასხვა ნივთების შექმნა ლენტებით, სუტაჟითა და ბისერებით, პოლიმერული თიხითა და სხვა მასალებით. თითოეული ნამუშევარი ჩემთვის პატარა ისტორიაა — ფიქრის, ემოციისა და შთაგონების ნაზავი.
ხელოვნება და პედაგოგიკა ჩემს ცხოვრებაში ერთმანეთისგან განუყოფელია. შემოქმედება მაძლევს ძალას, ხოლო ბავშვები — შთაგონებას. მჯერა, რომ როცა ადამიანი გულით აკეთებს საქმეს, ეს ყოველთვის იგრძნობა. მე ვაგრძელებ ჩემს გზას სიყვარულით, მოთმინებითა და რწმენით — რწმენით, რომ შემოქმედება და სიკეთე სამყაროს ოდნავ მაინც უფრო ლამაზს ხდის.

