მაკრინე მუკბანიანი

გამოქვეყნდა: 27.04.2026

გახლავართ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის იურიდიულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ვარ ასევე ჟურნალისტი და ორივე პროფესიაში მაქვს პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. ამჟამად ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას სკოლაში, პარალელურად კი ჩემს ცხოვრებას ლამაზი ფერებით ვავსებ და დროს ჩემს საყვარელ სფეროს – ხატვას ვუთმობ.

ნებისმიერ საქმეს ცხოვრების რაღაც ეტაპზე ან ვიწყებთ, ან ვავითარებთ, ან ვხვეწავთ. განვითარების ამ გზაზე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა შეხვედრა არაჩვეულებრივ მხატვარ მანჩო გოგოჭურთან, რომელმაც მომცა გარკვეული ცოდნა ფერწერაში და ხელი შემიწყო, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა გამოფენაში, როგორც მხატვარსა და მის შეგირდს.

ჩემი შემოქმედების მეორე ნაწილია წნულები, რომლებსაც დამუშავებული ქაღალდითა და ეკოლოგიური, წყლის ბაზაზე დამზადებული ლაკ-საღებავებით ვქმნი. მიუხედავად ჩემი თვითკრიტიკული ბუნებისა, მუშაობის პროცესი და შედეგი დიდ კმაყოფილებას მანიჭებს. ამ ცოდნის დაუზარელი გაზიარებისთვის უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემს პედაგოგს, ეკა გოგოლაძეს. ორივე სფეროში მუდმივად ვვითარდები და ვგეგმავ, მომავალში საზოგადოებას უფრო მრავალფეროვანი კონცეფციები და ისეთი პროექტები შევთავაზო, სადაც ჩემი შინაგანი სამყარო, ემოციები და ადამიანის სულის სიღრმე კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება გამოხატული.