რუსკა წიკლაური
გამოქვეყნდა: 27.04.2026
დავიბადე 1987 წლის 11 იანვარს, თბილისში. წარმოშობით მოხევე ვარ, ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტიდან. ჩემი კუთხის მკაცრმა და ამავდროულად საოცარმა სილამაზემ გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა ჩემს მხატვრულ ხედვაზე — მუდამ მქონდა სურვილი, ეს დიდებულება ფურცელსა თუ ტილოზე გადამეტანა.
ხატვა ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების ნაწილია. მახსოვს პერიოდი, როდესაც საშუალების არქონის გამო, „მოპარულ“ ზეწრებზე ვხატავდი და აკვარელის საღებავებს საკვებ ზეთში ვხსნიდი, რათა ზეთის საღებავის ეფექტი მიმეღო. პროფესიული არჩევანისას ტანსაცმლის მოდელირებასა და კონსტრუირებას მივანიჭე უპირატესობა. სტუდენტობისას, დატვირთული გრაფიკის გამო, მხოლოდ მცირე ჩანახატებით შემოვიფარგლებოდი, თუმცა საკუთარ მოლბერტზე, ზეთის საღებავებსა და ბუნებაში ხატვაზე ოცნებას არასდროს ვწყვეტდი.
ეს ოცნება ჩემმა მეუღლემ ამისრულა, რომელმაც ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში ხელნაკეთი მოლბერტი მაჩუქა. ეს იყო უდიდესი სტიმული, რამაც ხატვასთან სერიოზული დაბრუნება განაპირობა. აქტიური შემოქმედებითი პერიოდი პანდემიის დროს დაიწყო, თუმცა მამის გარდაცვალებამ მუშაობის პროცესი ხანგრძლივად შემაფერხებინა. 2024 წლის ნოემბრიდან კვლავ დავიბრუნე მუზები და მას შემდეგ აქტიურად ვხატავ. 2025 წლის მარტში შედგა ჩემი პირველი გამოფენა ხელოვან ირინა ჯინჭარაძის მიწვევით, რამაც ახალი ემოციებით დამმუხტა. ხატვა ჩემი სულის ნაწილია — ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრია.

